გთხოვთ, მიიღოთ ყველა ზომა, რომ პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს - ამსტერდამის მერი კალაძეს
ამსტერდამის მერი თბილისის მერს წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ უზრუნველყოს პრაიდის კვირეულის მონაწილეების უსაფრთხოება. წერილს Tbilisi Pride აქვეყნებს. წერილში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშს" ევროკავშირის მოქალაქეები, მათ შორის, ამსტერდამის პრაიდის ელჩიც დაესწრება.
მე გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.
"ღირსების მარშს", 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოენი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის", - აღნიშნულია წერილში.
თბილისში პრაიდის კვირეული პირველ ივლისს დაიწყო, 5 ივლისს კი ღირსების მარშით დასრულდება. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პრაიდის ღონისძიებების ჩაშლა დაანონსეს.