"საქართველო არაა საცდელი ცხოველი - პაპუაშვილი პარტნიორებს თავს ესხმის

06.03.24 13:52
"საქართველო არაა საცდელი ცხოველი - პაპუაშვილი პარტნიორებს თავს ესხმის

საქართველოს პატლამეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის პარტნიორებს და ამბობს, რომ საქართველო "არაა საცდელი ცხოველი".

პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის ექსპერტებს კომპეტენცია დაუწუნა და დასავლეთი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისთვის კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღების მოწოდებისთვის, გააკრიტიკა.

"საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია", - ასე მიმართავს პაპუაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს და საქართველოს პრეზიდენტს და საერთაშორისო პარტნიორებს "ოცნების" წინააღმდეგ ნიადაგის მომზადებაში ადანაშაულებს.

პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ექსპერტებმა "ხარვეზებით" მოამზადეს დოკუმენტი, სადაც მიუთითებენ 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელიც პაპუაშვილის თქმით, აღარ არსებობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვიერად თავს საქართველოს პრეზიდენტსაც დაესხა და ზურაბიშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მისაღები ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას მიზანმიმართული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილმა 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციისთვის მიიღო.

ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის მომზადება ნიადაგისა იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები. თავის დროზე, 19 აპრილს მოეწერა შეთანხმება, სადაც ეწერა საკითხი კვალიფიციური უმრავლესობისა და ოპოზიციისა. ეს იყო მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რეგულაცია, რომელზეც ჩვენ იქვე ვუთხარით, რომ ეს იყო ხარვეზიანი და არაფრისმომცემი რეგულაცია, მაგრამ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო. ვენეციის კომისიას რომ ვკითხეთ, როგორ მოვიქცეთ, ისინი ამბობენ, რომ მოიქეცით ისე, როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია. ეს არის ვენეციის კომისიის ექსპერტების ხარვეზი, რომ მიუთითებენ არარსებულ შეთანხმებაზე. 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. ყველა, ვისაც უნდა, რომ ჩვენ აქ ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები. არავინ არ არის კომპეტენტური, რომ შინაარსობრივად გვესაუბროს ორი მესამედი კარგია, თუ ცუდია. ვინმემ ახსნას ლოგიკურად, რატომ უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომ ოპოზიციური, თან როგორი ოპოზიციური, "ლელოს" წარმომადგენელმა უნდა ჩაატაროს არჩევნები. რატომ გვაყენებენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც წინსწრებით მოხდება დისკრედიტირება არჩევნების", - ამბობს პაპუაშვილი.

პრეზიდენტის ვეტო

საქართველოს პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. მიღებული ცვლილებებით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა. 

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. 

რა ვიცით, 19 აპრილის შეთანხმებაზე?

"სამომავლო გზა საქართველოსთვის" 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა და ის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის ერთადერთ მექანიზმად იქნა მიჩნეული.

28 ივლისს "ქართული ოცნებამ" ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები