"ოცნების" მორიგი იერიში დასავლელ პარტნიორებზე - მთავრობა აშშ-ის სენატს ცილისწამებაში ადანაშაულებს

06.03.24 15:26
"ოცნების" მორიგი იერიში დასავლელ პარტნიორებზე - მთავრობა აშშ-ის სენატს ცილისწამებაში ადანაშაულებს

"ოცნების" მორიგი იერიში დასავლელ პარტნიორებზე - უმრავლესობის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სენატს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

მთავრობის წევრები თავდაცვით რეჟიმში არიან გადასულები და ამტკიცებენ, რომ სენატს არ გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიკროჩიპების სკანდალს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიმართ არაერთი ბრალდება გაჟღერებულა, თუმცა მისი თქმით, ყველა ეჭვი ქარწყლდება და "ოცნების" საკეთილდღეოდ წყდება.

ამერიკამ გაყიდა ხომ? რას ყიდდნენ. ორი წელია მიმდინარეობს ომი უკრაინაში. ორი წელია ქართული ოპოზიცია, მათ შორის, უცხოეთიდან დაფინანსებული ოპოზიცია, როგორიც არის "დროა", რომელიც ევროპული დემოკრატიის ფონდიდან ფინანსდება, ორი წელი აბრალებდა საქართველოს ტყუილს სანქციების გვერდის ავლაში და დადასტურდა, რომ ყველაფერი ტყუილია. ანუ, ყოველ ჯერზე ხომ ვისწავლეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი, უცხოელი პოლიტიკოსი, ქართული მედია, უცხოური მედია საქართველოს დაავალებს სანქციების გვერდის ავლას, ეს არის ტყუილი და იქცა ეს წესად. ამ წესს მივყვეთ და კითხვები დავუსვათ მათ, ვინც შეიძლება, რაიმეს აბრალებდეს საქართველოს", - ამბობს პაპუაშვილი.

"ხალხის ძალის" წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე "პირველებთან" ამერიკელ სენატორებს ლობიზმში ადანაშაულებს და დასძენს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

დამამტკიცებელი ფაქტი თქვან და ამის შემდეგ მივიღოთ ზომები. იმდენი ლობიზმით გაჯერებულიო განცხადებები კეთდება, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ. დოკუმენტი ჩემთვის მტკიცებულება არ არის. მერე რა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სტრატეგიულმა პარტნიორმა ერთი ქარხანა აგვიშენოს, რაიმე გაგვიკეთოს", - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის ეს რეაქცია სენატის საგარეო კომიტეტის ოფიციალურმა ანგარიშმა გამოიწვია, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ისეთი მიკროჩიპების შემოტანა, რომელიც, სავარაუდოდ, საბრძოლო მოწყობილობების დასამზადებლად გამოიყენება, თითქმის გაათმაგდა. 

მსგავსი სიახლეები