მაღალი დონის შესაძლო კორუფციული დარღვევები -TI მაღალჩინოსნების სიას აქვეყნებს

06.03.24 14:11
მაღალი დონის შესაძლო კორუფციული დარღვევები -TI მაღალჩინოსნების სიას აქვეყნებს

მაღალი დონის შესაძლო კორუფციული დარღვევები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით განახლებულ სიას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ჯამურად 173 საქმე ფიქსირდება, რომელშიც 177 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს.

კერძოდ, პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო, საიდანაც 398 000 ლარი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერში სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

TI შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმზე ყურადღებას ამახვილებს და წერს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებშია გარეული. მღებრიშვილი ადასტურებს, რომ მისი უფროსად დანიშვნის შემდეგ ამავე უწყებაში მისი ახლო ნათესავი დასაქმდა, თუმცა როგორც ის ამტკიცებს, თანამდებობა კონკურსის წესით მოიპოვა.

საჯარო სექტორში არიან დასაქმებული მღებრიშვილის ოჯახის წევრებიც. კერძოდ, მისი მეუღლე, ნანა ფეიქრიშვილი, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოში, ხოლო შვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობს.

ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წერს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში 6 ბინას ფლობს.

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის უძრავ ქონებას. მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში 6 ბინას ფლობს, მათ შორის ერთ კორპუსში - 5-ს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში მან მიწები შეიძინა ბაზალეთზე და დუშეთში. კალანდარიშვილს 3 ბინა დედის სახელზე აქვს რეგისტრირებული, რომელიც მისივე თქმით, მას ეკუთვნის. კალანდარიშვილს ბინების რუს და ბელარუს მდგმურებზე გაქირავებით მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. ცესკო-ს თავმჯდომარის მეუღლე, სალომე ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკშია დასაქმებული", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები