საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გაფრთხილებები და ასევე მიიღებს მომავალშიც - იოზვიაკი
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფას ევროპელების ნეგატიური რეაქცია მოჰყვება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი საარჩევნოს კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება.
ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთისგან გაფრთხილება უკვე მიიღო და თუ ტაქტიკას არ შეცვლის, გაფრთხილებები კიდევ იქნება.
ევროპელებს, რა თქმა უნდა, ნეგატიური რეაქცია ექნებათ ვენეციის რეკომენდაციების უგულებელყოფაზე, რადგან ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ არჩევნებისთვის ეს რეკომენდაციები უნდა იყოს შესრულებული. ეს ერთ-ერთი პირობაა 9 ნაბიჯს შორის და მას დიდი ყურადღება მიექცევა. მთავრობამ უკვე მიიღო გაფრთხილებები და ასევე მიიღებს მომავალშიც. თუმცა, აქ კითხვა ის არის, რას იღებენ თავად ევროპელები ამ გაფრთხილებების შემდეგ. რაიმე კონკრეტული ამ მოწოდებების სანაცვლოდ არ გაკეთებულა. ძალიან ამბიციური განაცხადია წლის ბოლომდე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა, მაგრამ ეს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მანამდე დრო ჯერ კიდევ არის, - ამბობს იოზვიაკი.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რამდენიმე საათი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, სადაც პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. სავარაუდოდ, მათ მოუწევთ, პასუხები გასცენ კითხვებს, რატომ უგულებელყო "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოექსის მიღების დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
საქართველოს პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. მიღებული ცვლილებებით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.
მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო.