რა სქემით იყიდება შავ ბაზარზე ტვირთების გადასაზიდად საჭირო ლიცენზიები - "პირველების" სკანდალური ექსპერიმენტი
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროს აუდიტი შეამოწმებს - მტკიცებულებები უკვე მათ ხელშია, რომელიც ტრაილერის მძღოლებმა გადასცეს. ახლა მაკონტროლებლებმა უნდა დაადგინონ, რა სქემით იყიდება შავ ბაზარზე ტვირთების გადასაზიდად საჭირო ლიცენზიები. მანამდე კი ექსპერიმენტი პირველებმა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ 400 დოლარის სანაცვლოდ მძღოლებს
დოკუმენტებს უპრობლემოდ გადასცემენ.
ტრაილერის მძღოლები სისტემური კორუფციის ახალ სკანდალზე ქუჩიდან ალაპარაკდნენ. ამტკიცებენ, რომ შესაძლო დანაშაულებრივი სქემის სათავეში სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი გარემოცვა დგას. ადამიანები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო ტვირთების გადაზიდვით მიღებული ფულია, ოფიციალურ ნებართვას საქმიანობის გასაგრძელებლად სააგენტოდან თვეებია ელოდებიან. მძღოლები იძულებულები გახდნენ, ქუჩაში გამოსულიყვნენ და დახმარება მთავრობისთვის ეთხოვათ.