"წარმოადგინეთ მტკიცებულებები" - სკანდალში გახვეული "ოცნება" თავს სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის
დიდ სკანდალში გახვეული "ქართული ოცნება" შეერთებული შტატების სენატს ესხმის თავს - ფინანსთა მინისტრის მოთხოვნას უმრავლესობა სრული შემადგენლობით აყვა და სტრატეგიული პარტნიორი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. ხელისუფლება წყობიდან იმ გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა გამოიყვანა, რომლის მიხედვითაც ამერიკელ სენატორებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის აქტიურად იყენებს. შტატებიდან იმპორტირებული მიკროჩიპების სტატისტიკა საგანგაშოა.
სწორედ ამ ციფრებს მოყვა "ოცნების" შტურმი ამერიკელ სენატორებზე. რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან ნახევარგამტარების იმპორტი ქვეყანაში 3 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. რაში სჭირდება ქვეყანას ამ რაოდენობის მიკროჩიპი, როდესაც თავად არაფერს აწარმოებს. შეერთებულ შტატებში ეჭვი აქვთ, რომ სწორედ საქართველოა ის ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც რუსეთი იმ ელექტრონული მოწყობილობებით მარაგდება, რომელსაც შემდგომ საბრძოლო იარაღის დასამზადებლად იყენებს.