რუსეთის ჩარევის საფრთხე საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებზე - რას ფიქრობს პრეზიდენტი?
ჩაერევა თუ არა კრემლი 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ? - სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" კითხვაზე საპასუხოდ მარგინალური ჯგუფების გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ ასეთი დაჯგუფებები სწორედ კრემლისგან ფინანსდებოდნენ.
"რუსეთის ჩარევა ნიშნავს რაღაც ჯგუფების დაფინანსებას. ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან, რუსეთში და ალბათ იქ იღებენ დაფინანსებას. მარგინალური ჯგუფების გაძლიერება. რუსული პროპაგანდა. შეიძლება მათი მიზანი იყოს დესტაბილიზაციის, არასასურველი თემების წამოწევა, დოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. იქნება კიბერ შეტევები, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ" - ამბობს პრეზიდენტი.
"პირველების" დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ინტერესი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენა, პრეზიდენტმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ "კითხვას ამ კუთხით არ უპასუხებს".
დადგა დრო, როცა საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა, არის მრავალპარტიული წყობის შემოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამდენი წელი, რაც დამოუკიდებლობა შემოვიდა, მეტ-ნაკლებად ერთპარტიულ სისტემაში, ეს არის რაც, ალბათ, უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ფორმატში და ეს არის საქართველოს ინტერესი და რუსეთის ინტერესი რუსებმა იფიქრონ ამაზე, რა არის მათი ინტერესი", - ამბობს ზურაბიშვილი.