დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა - პრეზიდენტი

06.03.24 20:45
დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა - პრეზიდენტი

 

 

"ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რა არის რუსეთის ინტერესი, და არასოდეს გვეცოდინება ბოლომდე - რა არის მისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა არის საქართველოს ინტერესი"- ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ტვ პირველის" კითხვას,  არის თუ არა რუსეთის ინტერესი "ქართული ოცნების" მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა.

არის მრავალპარტიული წყობის შემოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო დაარსდა, ვცხოვრობთ მეტნაკლებად ერთპარტიულ სისტემაში. ეს არის ის, ალბათ, რაც უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს ფორმატში. ეს არის საქართველოს ინტერესი და რუსეთის ინტერესზე რუსებმა იფიქრონ, რა არის მათი ინტერესი"- თქვა პრეზიდენტმა ნოდარ მელაძის კითხვის საპასუხოდ. 

კითხვაზე, მოიაზებს თუ არა ის კოალიციურ მთავრობაში საკუთარ თავს, პრეზიდენტი ამბობს: 

ნათლად უნდა გავიგოთ - კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს, რომ ის, ვინც მანამდე სათავეში იყო, განადგურდება და თამაშიდან საერთოდ წავა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ იგივე „ქართული ოცნება“ რაღაც როლს ითამაშებს. დღეს, საარჩევნო პირობებში, კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვიცით საერთო რა არის - ევროკავშირთან მოლაპარაკება. აბა, ვინმემ თქვას, რომ არ უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას. მე მგონი, ვერავინ ამას ვერ გაბედავს. ვინც ევროკავშირის თემაზე თანხმდება, ყველასთვის მარტივია, რომ კოალიციურ მთავრობას შეუერთდეს. ამ მთავრობის დანიშნულება ძალიან მკაფიო იქნება. შეიძლება ეს ცხრავე რეკომენდაციის შესრულება არ იყოს, მაგრამ უნდა შევასრულოთ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო. არა მგონია, აუცილებელი იყოს ჩემს მთავრობაში ყოფნა. მე ვარ იქ სადაც ვარ, მგონი ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს. რაც უფორმო ხშირად ამბობენ, რომ არანაირი როლი არ მაქვს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ალბათ აქვს. ამ პერიოდში მითუმეტეს. ეს არის მცდელობა, რომ ყველა მხარეს შორის რაღაცნაირი ერთობა იყოს და ვნახოთ, სად არის ის საერთო წერტილები, რომლებზეც შეიძლება აშენდეს ჩვენი მომავალი ნაბიჯი ევროპისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები