ძალიან ბევრი კითხვაა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის მიმართ - ზურაბიშვილი
პრეზიდენტს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე "ბევრი კითხვა" აქვს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის, საქართველომაც უნდა ჩამოაყალიბოს, "მაგრამ ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის".
...უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაცა ლავირება. შეიძლება ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა, ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. მე მეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებასო საგარეო პოლიტიკაში, როცა პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო. კონსტიტუციაში ასე წერია", - თქვა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს იგი, სად შემუშავდა დოკუმენტი? - პრეზიდენტი პასუხობს: "არ ვიცი, ალბათ ჩინეთში"
არ ვიცი, ალბათ ჩინეთში შემუშავდა. წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის ორი გაუგებარი აბზაცია. ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას: ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი და რაღაცა არის აღიარებული, შემდეგ გარკვეულად, მკაფიოდ არის საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს", - განაცხადა პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვის პასუხად.