კონსპირაციული შეხვედრა "ოცნების" ლიდერთან - პრორუსი ბიზნესმენი კამერებს ემალება
დავით ხიდაშელი გაუჩინარებულია - პრორუსი ბიზნესმენი გია ვოლსკისთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კამერებთან არ ჩნდება.
რა საგანგებო მისიით ჩამოვიდა მოსკოვიდან საქართველოში და რა დავალებები ჩამოიტანა კრემლიდან, ის მთავარი კითხვებია, რომელზეც ხიდაშელი "პირველებს" არ პასუხობს.
დასანქცირებული რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრთან აუდიენციის ამსახველი ფოტო მოძრაობა "დროას" წევრებმა გადაიღეს და გაავრცელეს. ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შედგა.
პარტია "დროას" ოფისში ამ წუთებში იშიფრება მასალა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის და პრორუსი ბიზნესმენის კონსპირაციული შეხვედრის დეტალებს ახდის ფარდას.
"დროაში" ირწმუნებიან, რომ ვოლსკი და დავით ხიდაშელი, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათთან არაფორმალურ შეხვედრებზე მსჯელობდნენ.
პარტია დროას ინფორმაციით, ხიდაშელი პარლამენტის ვიცესპიკერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა.
პარტიაში ამბობენ, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.
ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:
- რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
- "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
- "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
- “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.