"ოცნების" სატელიტები "დროას" "კერძო საუბრის მიყურადებაში" ადანაშაულებენ
მმართველი პარტიის რადიკალურ შტოს იერიში ოპოზიციაზე მიაქვს - "ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა "დროას" უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება და მხარეების საუბრის მოსმენა, სამართალდარღვევაა.
მაჭარაშვილი "პირველებთან" საუბრის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს და დასძენს, რომ მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მცდელობისა, ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე ფრონტი გაეხსნათ, საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზებით ცდილობს.
ჩვენი პოზიცია არის, რომ არ უნდა იყოს ომი აფხაზეთთან და უნდა მოხდეს მშვიდობიანად ურთიერთობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ აფხაზეთში, გავაჩაღოთ იქ მეორე ფრონტი და ასე იყოს მცდელობა. ეს განსხვავება არის ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. რაც შეეხება შეხვედრებს, გასაგებია, რომ თქვენ სხვადასხვა მეშვეობით უსმენთ პარლამენტის წევრებს და სხვა ადამიანებს, სხვანაირად კერძო საუბრებს ვერ გაიგებდით. დაინახეს სხვა რამეა და რაზე ისაუბრეს ეგ სხვა. აფხაზურ მხარესთან, ისევე როგორც ჩვენ ოს ძმებთან და დებთან, ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - ამბობს მაჭარაშვილი.
ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:
- რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
- "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
- "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
- “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.