სკანდალში გახვეული დავით ხიდაშელი ქვეყანას ტოვებს? - (ვიდეო)
სკანდალში გახვეული დავით ხიდაშელი ქვეყანას ტოვებს? - "პირველების" კამერამ პრორუსი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლიდან ჩემოდნების გამოტანის კადრები გადაიღო, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ევტუჩენკოვის მარჯვენა ხელი შესაძლოა, მოსკოვში ბრუნდებოდეს.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ისიც, რომ ხიდაშელს საცხოვრებელ კორპუსში რკინის კონსტრუქციები აქვს მოწყობილი, რითაც სრულად არის იზოლირებული კორპუსის სხვა მაცხოვრებლებისგან. ასევე იგი მეზობლებისგან გამოყოფილი ლიფტით სარგებლობს.
"პირველები" მთელი დღეა ცდილობს, დაუკავშირდნენ დავით ხიდაშელს, თუმცა პრორუსი ბიზნესმენი ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.
დასანქცირებული რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრთან აუდიენციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მოძრაობა "დროას" წევრებმა გადაიღეს და გაავრცელეს. ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შედგა.
პარტია "დროას" ოფისში ამ წუთებში იშიფრება მასალა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის და პრორუსი ბიზნესმენის კონსპირაციული შეხვედრის დეტალებს ახდის ფარდას.
ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის, დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:
- რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
- "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
- "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
- “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.