ეს ბრძოლა მოვიგეთ... მთავრობის რიტორიკა უცვლელია, აჟღერებენ მუქარებს დონორების მიმართ - ლომჯარია

07.03.24 17:29
ეს ბრძოლა მოვიგეთ... მთავრობის რიტორიკა უცვლელია, აჟღერებენ მუქარებს დონორების მიმართ - ლომჯარია

რა ასწავლა საზოგადოებას 8 მარტის აქციებმა და შეცვალა თუ არა მიდგომები ხელისუფლებამ - როგორც ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, საზოგადოებამ ეს ბრძოლა მთავრობას მოუგო, როდესაც რუსული კანონის დამტკიცებას შეეწინააღმდეგა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ლომჯარია ამბობს, მაღალჩინოსნები როგორც სამთავრობო, ასევე პარტიულ დონეზე აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით და არაერთ ხერხს მიმართეს მათ დასასჯელად, მათ შორის დონორებისთვის გაკეთებულ მიმართვებს იხსენებს ლომჯარია.

საბედნიეროდ, ჩვენ საზოგადოებამ, ეს ბრძოლა მოვიგეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას თავისი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეუცვლია. რიტორიკა არის იგივე, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები იქნებიან ეს, პარტიის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი-მინისტრი, საუბრობენ ისევ აგენტებზე, ისევ უცხო ქვეყნის გავლენაზე. ჩვენ ვნახეთ დაწყებული გამოძიებაც კი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა და ასევე ის გზავნილები, რასაც ეს ადამიანები ხშირად აჟღერებენ არის ასევე მუქარაც კი დონორი ორგანიზაციების მიმართ, რომ არ დააფინანსონ ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო ორგანიზაციები,“ - ამბობს ნინო ლომჯარია.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ დონორებს ღიად რამდენჯერმე დაემუქრა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. შალვა პაპუაშვილი აანონსებს, რომ დონორი ორგანიზაციები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ თითქოს არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ.

მსგავსი სიახლეები