პროფესიული საქმიანობის გამო ექიმი ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა
პროფესიული საქმიანობის გამო ექიმი ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდა. მის უფლებებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს.
PHR-ის ინფორმაციით, ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.
ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე, ტაბუს ექვემდებარებოდა. ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ. თუმცა, თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატიური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით," - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ექიმმა ონლაინ სექსუალური შევიწროების ფაქტზე შსს-ს 5 მარტს მიმართა.
ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმიანის უფლებების დეპარტამენტიც. ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფოს მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადექვატურ ზომებს," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.