ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალ სატრანზიტო გზაზე ალაპარაკდა - რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის გეგმები
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალ ტრანზიტო გზაზე ალაპარაკდა - აგრესორ რუსეთს ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიების და შემდეგ საქართველოს გავლით ტვირთების გატანა უნდა - ანუ გამოდის, რომ საქართველო გამტარი უნდა გახდეს.
ჯამბოლატ თედეევი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის არაღიარებული პარლამენტის წევრია, ამბობს, რომ ახალი გზის გაჭრა სარგებელს მოიტანს - ეს კი იმ პირობებში, როცა რუსეთს სანქციები აწუხებს და ალტერნატივა სჭირდება. თედეევის მოთხოვნათა ნუსხაშია ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შესაძლო გაერთიანებაც.
ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ რუსეთის ეს გეგმა შესრულდა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა.
პირველი მესიჯი არის ის, რომ ჩრდილოეთ ოსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გაერთიანდება, მეორე მესიჯი არის ის, რომ ეს სახელმწიფო იქნება რუსეთის შემადგენელი ნაწილი. მესამე მესიჯი - რუსეთსა და საქართველოს შორის გაიხსნება გზა და ეს გზა კეთდება არა ქართველებისთვის და რუსებისთვის, არამედ რუსეთმა უნდა მიიღოს ტრანზიტული ტვირთები სხვადასხვა რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით. ამაზე მეტი დამცირება, შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსი, მე არ წარმომიდგენია. ეს არის რუსული პოლიტიკის სერიოზული ნაწილი, რომელიც გულისხმობს ტრანზიტული გზების მოგვარებას, არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, არამედ აფხაზეთიდან. ამის ნათელი მაგალითი იყო ის საუბრები, რაც მოვისმინეთ ვოლსკის და ხიდაშელის, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია ორივე გზას განიხილავს. ზემო ლარსი ტვირთების გატარება არ ყოფნის, იმიტომ, რომ სანქციების ქვეშაა რუსეთი, იმიტომ, რომ მათთან არავინ ვაჭრობს. საქართველო რახან არ შეუერთდა სანქციებს, ხდება საქართველოს გამოყენება ამ ეკონომიკური დერეფნის ჭრილში,“ - ამბობს პაატა დავითაია.