განათლების სამინისტროს შეფასებული არ აქვს სკოლების მდგომარეობა - აუდიტის კრიტიკული ანგარიში
რამდენად უზრუნველყოფს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვის მოდელი სკოლების ეფექტურ მმართველობას - ამის შესახებ ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მთავარი საკითხები:
- სკოლების მართვის მოდელი
- რესურსცენტრების როლი სკოლების მონიტორინგისა და მხარდაჭერის პროცესში
- სამეურვეო საბჭოს როლი სკოლის მართვის პროცესში
- სკოლების დაფინანსების მოდელი
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ „სკოლების არსებული მდგომარეობის ანალიზი არ ჩატარებულა“, რის საფუძველზეც მოხდებოდა „საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირება“ და „ხელს შეუწყობდა განხილულიყო ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობა“.
სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად", - წერია დასკვნაში.
აუდიტი ეხება საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობასაც, რომელთა ფუნქციაც სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგის განხორციელებაა.
არ არის დამტკიცებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთგვაროვანი ფორმა. ამასთან, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად იმისა, რამდენი სკოლისა და მოსწავლის მონიტორინგს ახორციელებენ ისინი, „რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს.
იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას", - წერია აუდიტის დასკვნაში.
რაც შეეხება დაფინანსებას, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სკოლების არსებული დაფინანსების მოდელის მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსება ძირითადად მიმართულია მასწავლებლების ხელფასზე. აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ "დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს სკოლის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას".
არაქართულენოვანი სექტორის სკოლების გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროს გათვალისწინებული აქვს გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება, წერია აუდიტის დასკვნაში, „თუმცა ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად, მნიშვნელოვანია არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და დამატებითი მექანიზმების დანერგვა პროცესის მონიტორინგის მიზნით“.
ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციებიც:
- სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან კოორდინაციითა და რელევანტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უზრუნველყოს სკოლების მზაობის შეფასება. სკოლებისთვის განიხილოს დივერსიფიცირებული მიდგომა.
- შემუშავდეს და დამტკიცდეს რესურსცენტრების მიერ წარმოსადგენი სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა.
- მონიტორინგის მოქმედი ფორმ(ებ)ის მიხედვით განისაზღვროს სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი მონიტორინგის პროცედურების ოპტიმალური რაოდენობა და სკოლების დაფარვის სიხშირე.
- სამეურვეო საბჭოს როლის გაძლიერების მიზნით, სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, საჭიროებების კვლევა, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
- სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული დაფინანსების მოდელის გადახედვა. შეფასდეს სკოლების წინაშე (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლები) არსებული გამოწვევები, მოსწავლეების საჭიროებები და დაფინანსების ფარგლებში მისაღწევი შედეგები.
- დაფინანსების ყველა ეტაპზე მკაფიოდ გაიწეროს შესაბამისი მიზანი. შეფასდეს კერძო სკოლების დაფინანსების მექანიზმის ოპტიმალურობა და არსებული კრიტერიუმების ეფექტიანობა საჭიროებებისა და მისაღწევი მიზნების გათვალისწინებით.
- საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების ფარგლებში დაინერგოს კერძო სკოლების ანგარიშვალდებულების სისტემა.