"ევროპული საქართველო" 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება

03.07.21 22:11
"ევროპული საქართველო" 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება

ევროპული საქართველო 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება​. ამის შესახებ პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰომოფობია საზოგადოების მძიმე გამოწვევაა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ღირსების მარშის" მხარდაჭერა პრინციპული საკითხია.

ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა.

ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ღირსების მარში 5 ივლისს ჩატარდება. რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა, პარალელურად საპატრიარქომ მრევლის მობილიზება დაანონსა და უცხოელი დიპლომატები პრაიდის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. საპატრიარქოს განცხადებით, ისინი პრაიდს მშვიდობიანად გააპროტესტებენ და პარაკლისს აღავლენენ.