საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - გახარია

09.03.24 17:06
საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - გახარია

"საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი", - ეს სიტყვები ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. 

ერთ დროს ქართველი ოლიგარქის რჩეული პრემიერი ახლა ღიად ამბობს, რომ "ოცნებამ" ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გააუქმა და გადაწყვეტილებებს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი კაცი იღებს.

გახარია ყოფილ თანაგუნდელებს კონსტიტუციას ახსენებს და აცხადებს, რომ პრემიერის პრეროგატივაა ის, თუ ვინ იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, ამიტომ პარტიას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს მინისტრების დანიშვნასთან.

დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი. სხვა ყველა ინსტიტუტი გაუქმებულია, დისფუნქციურია. ყოფილი პრემიერი მიმდინარე პრემიერს თუ რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ეტაპობრივად დაშალა ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი შეზღუდა, კონსტიტუცია საერთოდ გააუქმა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში იყო პრემიერის ინსტიტუტი დარჩენილი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა. დღეს, რაც ხდება, ამ პრემიერის ინსტიტუტსაც აზრი დაუკარგეს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მინისტრი. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, ძალთა ბალანსი. საერთოდ პარტიას არ ეკითხება, პრემიერი ვის დანიშვნას თავის კაბინეტში. ასე ყველაფრის თავდაყირად დაყენება არის სახიფათო", - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები