ექსკლუზივი: წერილი მოსკოვიდან საქართველოს ვიცე-პრემიერს
ექსკლუზიურად "შაბათის ეთერში" - მთავრობიდან გამოჟონა წერილმა, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა მოსკოვიდან მიიღო.
საქმე ეხება, რუსეთის ხელისუფლების კუთვნილ იმ კომპანიასთან პირდაპირ კავშირს, რომელთა მფლობელებიც პირდაპირ არიან ჩართულები რუსეთ-უკრაინის ომში.
ერთი წერილის ისტორია კი ასე დაიწყო - 2024 წლის 22 თებერვალს, რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია "რედვიგსის" გენერალური დირექტორი, პირდაპირ ხაზზე გამოდის საქართველოს მთავრობასთან და წერილს, პირადად ქვეყნის ვიცე-პრემიერს უგზავნის.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების მინისტრს" - რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში თვეში 448 ახალი ავიარესის დამატებას სთხოვს. მათ შორის, საქართველოში დაიწყოს ფრენები, ნიჟნი ნოვგოროდიდან, გროზნოდან, კრასნოიარსკიდან, ტიუმენიდან და მახაჩკალადან.
წერილის ადრესატმა, ლევან დავითაშვილმა "შაბათის ეთერისთვის" კომენტარის მოცემა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალ პრემიერს მის სახელზე გამოგზავნილ სკანდალურ წერილზე კითხვა "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა დაუსვა.
ლევან დავითაშვილი მისთვის გამოგზავნილი წერილის გამოჟონვის შემდეგ ახლა, ცდილობს თავი იმართლოს, რომ ჯერ ფრენები დამატების უფლება არ გაუცია, მაგრამ აქ მთავარი ამბავი, ომში პირდაპირი ჩართული ავიაკონცერნის შვილობილ კომპანიასთან მიმოწერაა. კონცერნის, რომელიც პუტინს ექვემდებარება. კორპორაციის შექმნის გადაწყვეტილებას კი ხელი 2006 წელს, თავად პუტინმა მოაწერა. "რედ ვინგსი" კი, რომლის დირექტორიც საქართველოს მთავრობის პირველ ვიცე პრემიერთან პირდაპირ კავშირზეა ამ ავიაკონცერნის საკუთრებაა.
ფრენები ეკონომიკის სამინისტროში მარიამ ქვრივიშვილის საკურატორო სფეროა, ლევან დავითაშვილის მოადგილე არის სამინისტროს სპიკერი, საჰარო მიმოსვლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ რუსულ სახელმწიფო კოპანიასთან კავშირის შესახებ მინისტრს ავიაციაზე პასუხისმგებელი მოადგილისთვის არაფერი უთქვამს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ განაცხადი "რედ ვინგსისგან", ფრენების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით, სააგენტოში, თებერვლის პირველ დღეებში შემოვიდა, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული წერილი კი 22 თებერვლით თარიღდება. ჩნება განცდა, რომ საავიაციო სააგენტოსგან დაგვიანებული პასუხის გამო, მოსკოვმა საქმის დალაგება პირდაპირ ხელისუფლებასთან და მინისტრთან სცადა.
"რედვინგსის" მფლობელი, რუსეთის სახელმწიფო ავიაკონცერნი უკრაინასთან რუსეთის ომის გამო, ამერიკამ, ევროკავშირმა , დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ ერთმანეთის მიყოლებით დაასანქცირეს.