კობახიძის მტკიცებით, ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპულ ღირეულებებზე თავდასხმაა

11.03.24 10:53
კობახიძის მტკიცებით, ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპულ ღირეულებებზე თავდასხმაა

პრემიერ-მინისტრის ისევ ამტკიცებს, რომ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ისევ დამნაშავედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ დამნაშავეების თავისუფალი მიმოსვლა ევროპის მასშტაბით მიუღებელია და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეაგირება ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, ბრიუსელსა და ბერლინში ხვდებიან. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული არა ერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას დამატებით 2 ბრალი წაყენებული აქვს. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, ადამიანების წამებას, ადამიანებზე სასტიკ ძალადობას, ეს არის უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ა.შ. ეს არ მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ ფაქტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი იყოს რეაგირება. შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკავშირდებოდა ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, ვფიქრობ, რომ სწორედ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეხატა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენამ ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა. თუმცა, ყოფილი გენპროკურორი 9 წელია ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია და შესაბამისად, არცერთ სახელმწიფოში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ აქვს. 

მსგავსი სიახლეები