მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში 66%-იანი ზრდაა სამომხმარებლო ფასების ინდექსში - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას და პროდუქტებზე ფასების უპრეცენდეტო ზრდას ეხება, სპეკულაციად და აქცენტების გადატანის მცდელობად აფასებს. პრემიერი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66%-იანი ზრდაა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით.
„აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის. რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები, მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში არის 66%-იანი ზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი, ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები, მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის, დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66%-იანი მაჩვენებელი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად, არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს, რომელიც ვრცელდება, - განაცხადა კობახიძემ.