დარწმუნებული ვარ დაკვეთა, რომელიც საზოგადოებაში არის, ამ დაკვეთას ვპასუხობთ დღეს - მელია
"ჩვენს ბრძოლას, გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი ამიერიდან და ეს სახელი არის ახალი. ჩვენს გზას წინ მომავლისკენ, აქვს კონკრეტულ ისიმბოლო და ეს არის ნომერი 4 და დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ 4-ს შემოხაზავს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე," - ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ნიკა მელიამ ნიკა გვარამისთან ერთად ბრძოლის გამოცხადების შემდეგ.
როგორც ნიკა მელია ამბობს, პარტიული ყრილობა უახლოეს მომავალში იქნება. მელიას თქმით, სამი თვის განმავლობაში ფიქრობდნენ გაერთიანებულიყო თუ არა მელიას და გვარამიას გუნდები ერთად.
მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება, სიახლე არის ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება. რთული იყო ეს გზა. სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა, ვიხელმძღვანელეთ პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ვიხელმძღვანელეთ ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით.
მე მჯერა, რომ გამარჯვების რწმენა, რომელიც შესაძლოა დღეს ბევრს აკლია, აკლია არა მხოლოდ ამომრჩევლებს, მათ შორის არცთუ ისე ცოტა ადამიანს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობაში და ეს ერთობა მე დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველა ოჯახში და დაბაში. მომავალი არის ჩვენს ხელთ, საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ.
მე, როცა ვსაუბრობ, წარმოვადგენ ათობით ათას თანამებრძოლს, რომლებსაც სჯერათ, რომ მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია არა ფული, არამედ ღირსება და სიმართლე, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მორალური უპირატესობა მნიშვნელოვანია მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად. მე დარწმუნებული ვარ, დაკვეთა, რომელიც საზოგადოებაში არის, ამ დაკვეთას ვპასუხობთ დღეს,“ - ამბობს ნიკა მელია.