"ოცნებამ" ბაქი-ბუქის მიუხედავად, 12 წლის განმავლობაში ადეიშვილის მართლმსაჯულებისთვის წარსადგენად არაფერი გააკეთა - გეგელია
"ოცნებამ" ბაქი-ბუქის მიუხედავად 12 წლის განმავლობაში ადეიშვილის მართლმსაჯულებისთვის წარსადგენად არაფერი გააკეთა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ადეიშვილის მიერ შექმნილი კლანის შესაცვლელად არაფერი გააკეთა და სწორედ ამიტომ, ახლა საქართელოს ამის შედეგებს იმკის.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დიდი ბაქი-ბუქის მიუხედავად, 12 წლის განმავლობაში ვერ შეძლო მართლმსაჯულებისთვსი წარედგინა ბატონი ადეიშვილი. ეს არის ერთი მხრივ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არაფერი გააკეთა სწორედ ადეიშვილის მიერ შექმნილი კლანის შესაცვლელად, იმ ფუნდამენტური აღქმის შესაცვლელად, რომ საქართველოს არ გააჩნია თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და დღეს საქართველო კიდევ ერთხელ იმკის ამის შედეგებს, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელსა და გერმანიაში ვიზიტის დროს ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, რასაც "ოცნების" აღშფოთება მოჰყვა. ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, ციხის კადრების სკანდალზე კი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი გენპროკურორი 9 წელია ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია და შესაბამისად, არცერთ სახელმწიფოში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ აქვს.