ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს - კოპალეიშვილი

11.03.24 21:59
ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს - კოპალეიშვილი

"სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს", - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა და განმარტა, რომ კონკრეტული თემები, რომელზეც მხარეები ერთმანეთთან შეხვედრის დროს საუბრობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ, იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებული საკითხები იყო.

ყოფილი მოსამართლე დასძენს, რომ ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმირებული არ არის, ამიტომ კითხვის ადრესატი, თუ რას აპირებს სამომავლოდ ქვეყნის მთავარსარდალი, თავად პრეზიდენტი უნდა იყოს.

სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს. მე ვიყავი ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი როგორც იურისტი. ვიცავდი მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. იქ დასრულდა ჩემი და ქალბატონი სალომეს სამართლებრივ საკითხებზე ურთიერთობა. რაც შეეხება პოლიტიკურ თემას, ქალბატონი სალომე არის საქართველოს პრეზიდენტი, ასრულებს თავის უფლებამოსილებას. თუკი მას რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს, არ მოერიდება, რომ თქვას და ალბათ, ადრესატი იმისა, თუ რას აპირებს სალომე, ეს ისევ სალომეა. რაც შეეხება ჩემთან მიმართებით რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება, ძალიან მეღიმება. შეუძლებელია, როგორც იურისტმა, ამ თემას სერიოზულად შევხედო. სამართლებრივ ნაწილში ჩვენ ერთმანეთს აზრებს ვუცვლიდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე აზრები გვაქვს გაცვლილი. როდესაც ქალბატონ სალომეს ვხვდებოდი, საუბარი გვქონდა მხოლოდ იმპიჩმენტის საკითხზე", - ამბობს კოპალეიშვილი.

მსგავსი სიახლეები