რა ბედი ელის DRG სისტემას? - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
ჯანდაცვის მინისტრმა მუშობა ოფიციალურად დაიწყო - მიხეილ სარჯველაძე დღეს უწყების თანამშრომლებს თავად პრემიერმა წარუდგინა, თუმცა ახალ მინისტრს სამუშაო კაბინეტში დღეს ექიმების კონკრეტული მოთხოვნები ხვდება -
მედიკოსები DRG -ის სისტემის გაუქმებას და გადახედვას ითხოვენ, სისტემის რომლის გამოც კლინიკების ნაწილი პრაქტიკულად გაკოტრდა პაციენტები კი პრაქტიკულად სამედიცინო დამხარის გარეშე დატოვა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, DRG მოდელთან დაკავშირებით დარგთან და სამედიცინო საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციები გაიმართება, იმისთვის, რომ ქვეყანამ და პაციენტებმა მათზე მორგებული მომსახურება მიიღონ.
„აუცილებელია დარგთან, სამედიცინო საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და ამის მიხედვით საუკეთესო მოდელის მოსმენა, რომელიც ქვეყანას, თითოეულ პაციენტს წაადგება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი განმსაზღვრელი კი პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა, ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც ყველა შემდგომი განცხადება დაშენდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
რა არის DRG მოდელი?
DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.