ზელიმხან ხანგოშვილის ცოლი ვადიმ კრასიკოვის გაცვლის წინააღმდეგია
ზელიმხან ხანგოშვილის ცოლი მისი ქმრის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის გაცვლის წინააღმდეგია. Kavkaz.Realii-სთან ინტერვიუში მან ისაუბრა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გაცვლა ხანგოშვილის მკვლელ, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ.
მანანა ციატიევას თქმით, რუსეთი, თავის ისეთ მსხვერპლებს, როგორიც ზელიმხან ხანგოშვილია "თავს არ ანებებს".
მოკლული ხანგოშვილის ცოლი წინააღმდეგია კრასიკოვის გაცვლის, ამბობს, რომ კრემლი ნავალნის მაინც მოკლავდა, რადგან იგი "დიდი ხანია შავ სიაში იყო."
წინააღმდეგი ვარ, კრასიკოვი ვინმეზე გაცვალონ. პატივს ვცემდი ნავალნის და მის პოზიციებს ცხოვრებაში. არ აძლევდა საკუთარ თავს სისტემის ქვეშ მოქცევის უფლებას და სიცოცხლის ბოლომდე იცავდა თავის თვალსაზრისს. მაგრამ გაცვლა რომც მომხდარიყო, რუსული პოლიტიკა თვალთმაქცურია - ისინი მიზანს არ დაკარგავდნენ. სიცოცხლის საშუალებას მაინც არ მისცემდნენ, რადგან ნავალნი დიდი ხანია შავ სიაშია. რუსეთი არ ათავისუფლებს თავის მსხვერპლს", - თქვა მანანა ციატიევამ.
ხანგოშვილის მეუღლემ ისაუბრა საქართველოს დატოვების მიზეზებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებებმა მისი ქმრის მკვლელობის მცდელობის საქმე არ გამოიძიეს.
ჩვენ გადავწყვიტეთ წასვლა მას შემდეგ, რაც საქართველომ 2015 წელს არ გამოიძია მისი მკვლელობის პირველი მცდელობა. ზელიმხანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და რეაბილიტაციის შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რადგან გააფრთხილეს, რომ მორიგი მკვლელობის მცდელობა იგეგმებოდა.
საქართველო მოგვიანებით, 2016 წლის ზაფხულში დავტოვე, რადგან შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ: ჩემს ყველა ტელეფონს უსმენდნენ. შემდეგ თავშესაფარი ჯერ პოლონეთში ვითხოვე, მერე კი, როცა ზელიმხანმა გერმანიაში ჩასვლა მოახერხა, მე და ჩემი შვილები აქ გადმოვედით, რადგან პოლონეთი, ჩემი გაგებით, ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანა იყო: რუსებს მოქმედება უფრო თავისუფლად შეეძლოთ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გერმანია ჩვენთვის უფრო უსაფრთხო უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მანანა ციატიევა.