კობახიძე ფრთხილად იყოს, ბიძინამ შეიძლება, ადეიშვილი დანიშნოს პრემიერად - ხუხაშვილი დაფარულ ამბებზე ალაპარაკდა
გია ხუხაშვილი, ექსპერტი, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სანდო კადრი იყო, "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი "ოცნების" დამფუძნებლის ფავორიტი იყო.
ხუხაშვილი ახალ პრემიერს "რჩევას" აძლევს, რომ ყოფილი ძალოვანის ექსტრადირებაზე საუბრისას მეტად ფრთხილად იყოს.
ხუხაშვილი ასევე ივანიშვილისა და "ოცნების" ადეიშვილთან შესაძლო გარიგებაზეც მიანიშნებს.
მას (ბიძინა ივანიშვილს) უნდოდა გარკვეულწილად მოლაპარაკებები ეწარმოებინა მასთან (ზურაბ ადეიშვილთან). ახლა, თეორიულად რომ წარმოიდგინოთ, მას რომ გავყოლოდით, მოლაპარაკებები გამართულიყო, რატომაც არა. ნიჭიერი კაცია ადეიშვილი და დღეს შეიძლება,პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო.
კიდევ უფრო უცნაურს გეტყვით - დღესაც არ არის გვიან. მე საერთოდ, კობახიძეს ვურჩევდი, ნუ ითხოვს ადეიშვილის გადმოცემას, რადგან მისი დაფრთიანებული მოსამართლეები არიან საქართველოში და საერთოდ, ფრთიან ანგელოზად გამოაცხადონ და მერე ბიძინამ კობახიძის ადგილას დანიშნოს. ასე რომ კობახიძე ფრთხილად იყოს ადეიშვილთან დაკავშირებით.
გაახსენდათ ადეიშვილი, გერმანიას წაუყენეს პრეტენზიები. ჩვენ გვახსოვს, ერთი პერიოდი, ადეიშვილი ვიქტორ ორბანის მრჩეველი და ამაზე მაინცდამაინც ხმა არ ამოუღიათ და თუ უნგრეთთან ასე მოწიწებით ლაპარაკობენ და გერმანია თვალში ეპატარავებათ, ძაან სასაცილო თემაა.
დღესაც შეიძლება გარიგებაში შევიდნენ ადეიშვილთან და ტკბილად გააგრძელონ ცხოვრება, რადგან სისტემა უცვლელია. ადეიშვილის ის მანკიერი სისტემა, რასაც მას ედავებიან, დღეს სახეზე გვაქვს, არაფერი არ შეცვლილა, ბიძინას ხომ არაფერი არ შეუცვლია", - ამბობს გია ხუხაშვილი.
საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას და მისი საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს. "ოცნების" რამდენიმედღიანი კამპანია ირაკლი შოთაძემ დაასრულა. გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი მოთხოვნა გერმანიისა და ბელგიის უწყებებს გაუგზავნა.