ე.წ. ტრენინგების საქმე, რუსული კანონი, დაუცველი ადვოკატები - გაეროს სკანდალური ანგარიში საქართველოზე
ე.წ. ტრენინგების საქმე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო გადატრიალებად" გაასაღა, გაეროს უმწვავეს ანგარიშში მოხვდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია სუს-ს ამ საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებას, მტკიცებულებების გასაჯაროებას ან/და საქმის დახურვას სთხოვს.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდა, ვარაუდობს, რომ საქმე სუს-მა ე.წ. რუსულ კანონზე შურისძიებისთვის გამოიგონა და ფორმალური ძიებაც კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის დაიწყო.
საგანგაშო დოკუმენტში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მწვავე ფაქტებზე და ირკვევა, რომ პირები, რომლებმაც სხვისი უფლებები უნდა დაიცვან, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
საერთაშორისო პარტნიორის საპასუხოდ, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ე.წ. ტრენინგების საქმეზე ძიება ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობდა.
ჩვენ რაც ვნახეთ საჯაროდ და საჯაროდ დაადასტურა ამ ხალხმა, თვითონ სემინარის ხელმძღვანელობამ დაადასტურა და აღიარა, რომ საუბარი იმ საკითხებზე ჰქონდათ, რაც ეხება აქციებს, ძალადობას და ა.შ.. თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერი სპეციალისტი იტყვის, რომ ეს არის არასწორი და ეს, რა თქმა უნდა, არავისთვის არ იქნება დამაჯერებელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ ის, რაც საჯაროდ აღიარებული ფაქტებია, ამასთან დაკავშირებით პრობლემა აღარ გქონდეთ", - ამბობს მაჭარაშვილი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი ფაქტს "ჰიბრიდულ ომად" აფასებს და განმარტავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე ადვოკატები და იურისტები თავს დაცულად გრძნობენ, ამიტომ კვლევაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.
ის, რომ რომელიღაც პარტიის მიკერძოებული ადამიანი რაღაც განცხადებას გააკეთებს ვიღაცასთან შეხვედრის დროს და ეს გახდება საქართველოს შეფასება, რომ თურმე საქართველოში ადვოკატთა და იურისტთა მდგომარეობა ისეთია, რომ განგაშის ზარი უნდა ჩავრთოთ, ეს არის ჰიბრიდული ომი. როდესაც ვიღაც რაღაცას წერს, ჩვენ უფლება გვაქვს, მისი დაწერილი შევაფასოთ, გავაკრიტიკოთ, ან მივიღოთ. როცა ვაკრიტიკებთ, ვეუბნებით ხოლმე, რომ დაწერა დაწერა, მაგრამ ის დაწერილი უნდა შევაფასოთ ჩვენ. თუ ყურადსაღებია, ყურად უნდა ვიყოთ, ხოლო თუ სუბიექტურია, უნდა ვთქვათ, რომ სუბიექტურია", - ამბობს ქადაგიშვილი.