როგორ აპატია ექსპრემიერმა "ოცნების" დეპუტატს მილიონები?

13.03.24 15:15
როგორ აპატია ექსპრემიერმა "ოცნების" დეპუტატს მილიონები?

როგორ აპატია მილიონები ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" მილიონერ დეპუტატს? ჟურნალისტურ გამოძიებას "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს, რომელმაც გადაყენებული პრემიერის ხელმოწერილი განკარგულება მოიპოვა. დოკუმენტით დგინდება, რომ ღარიბაშვილმა დეპუტატ ჩანქსელიანის ორ კომპანიას 5 მლნ ლარი, უბრალოდ, აპატია. არადა, ფინანსური პოლიცია "ოცნების" მილიონერ დეპუტატს გადასახადების დამალვას ედავებოდა. 

კორუფციის მკვლევარები და იურისტები ინტერესდებიან, კიდევ რა იმალება ირაკლი ღარიბაშვილის გამოუქვეყნებელ განკარგულებებში.

"საერთაშორსო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა განკარგულება გასაჯაროვდეს, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები კორუფციის ნიადაგს ქმნიან. 

აქ გვაქვს შემთხვევა, როდესაც პარლამენტარის კომპანიებს ეპატიათ დაახლოებით 5 მლნ ლარი და ჩვენ ეს ინფორმაცია არ ვიცოდით. კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევაა დამალული, პრობლემური შემთხვევა ამ განკარგულებებში და გადაწყვეტილებებში, საკითხავია და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დოკუმენტები გასაჯაროვდეს. რამდენად არის დეპუტატი ჩანქსელიანის გავლენები შედეგი ეს, ამის თქმა რთულია, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც ის მართავს, მას არ აქვს უფლება, რომ ეს კომპანიები მართოს, ჩამოეწერათ რამდენიმე მლნ ლარი. მთელი ეს წლები გვყავს ძალიან ბევრი საკმაოდ აქტიური ბიზნესმენი, რომელიც, რეალურად, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ და ამაზე არანაირი რეაგირება არ არის. პირდაპირ ქმნის კორუფციისთვის ნიადაგს. ანუ კორუფციაა, როდესაც შენ, თანამდებობის პირი შენს პირად ინტერესებს აყენებ უფრო წინ, ვიდრე საჯარო ინტერესს და შენსა საქმეს, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი. 

ოპოზიცია კი ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების ჩამოწერა, სწორედ ელიტურ კორუფციაზე მიანიშნებს. 

ვალდებულების ჩამოწერა არის სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირისთვის სიკეთის გადაცემის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ათეულობით მლნ ლარის პატიება იმ ხალხისთვის, რომელიც დაახლოებულია ივანიშვილთან და წარმოადგენს მმართველ ელიტას, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში იმყოფება. ელიტური კორუფციის ერთ-ერთი ფორმაა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების ჩამოწერა მაშინ, როდესაც ეს ვალდებულებები რამდენიმე მლნ ლარს აღემატება. იგივე ტიპის პრეფერენციებით ვერ და არ სარგებლობს ჩვეულებრივი ბიზნესი და ჩვეულებრივი მოქალაქე, - ამბობს საბა ბუაძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები დიდი ფულის შოვნაზე არიან ორინეტირებულები და გამონაკლისი არც ჩანქსელიანია. 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის ის, რომ მათთან დაახლოებული ადამიანები, „ქართულ ოცნებაში“ მყოფი ადამიანები, თანამდებობაზე მყოფი პირები, ამ ადამიანებმა უდნა იშოვონ დიდი ფული და შესაბამისად, გამონაკლის არც ჩანქსელიანი არ არის. ამ ადამიანს ბიუჯეტის ხარჯზე გაუკეთეს შეღავათი, ბიუჯეტმა იზარალა. იზარალა იმიტომ, რომ მეორე მხარეს იდგა „ქართული ოცნებაში“ მყოფი ადამიანი. ამის იქით რა მოხდა, ვინ დაფინანსდა, როგორ დაფინანსდა, ფული სად გაიყვეს და ა.შ. ეს უკვე გამოძიების საკითხია, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

დეპუტატ ჩანქსელიანი პარლამენტში მთელი დღა არ გამოჩენილა. ის საკანონმდებლო ორგანოში, ძრითადად, კენჭისყრებისთვის მიდის ხოლმე და ხმას, როგორც წესი, "ქართული ოცნების" ინიციატიატივებს აძლევს. 

მსგავსი სიახლეები