იერიში პარტნიორებზე - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა გვარამია ზეწოლის შედეგად შეიწყალა
იერიში პარტნიორებზე - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია ზეწოლის შედეგად შეიწყალა.
პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილს არც "ევროპის დემოკრატიული ფონდი" დავიწყებია და თქვა, რომ სწორედ მან გადაიხადო ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნის გირაო.
მისი თქმით, ეს არის ფონდი, რომელიც ევროკავშირის ფულით იატაკქვეშ, ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს.
შალვა პაპუაშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია "ახალის" დაფუძნება სწორედ დასავლელი პარტნიორების მიზანი იყო.
ახლა ის მომენტია, როცა უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. გახსოვთ, რომ მაშინაც, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან ზეწოლა იყო.
ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით.
მათი ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ყოფილიყო, რათა მას ქართულ პოლიტიკაში მისი ჩვეული რადიკალური დღის წესრიგი შემოეტანა. ვფიქრობ, გაშიშვლდა, თუ რა ჩანაფიქრი იყო ნიკა გვარამიას შეწყალების უკან.
შეგახსენებთ, ნიკა მელია თავისუფლებაზეა იმის გამო, რომ მისი გირაო ევროპის დემოკრატიულმა ფონდმა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ეს ევროკავშირის ფულით საქართველოში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც იატაკქვეშ, ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს კანონის დარღვევით, გაუმჭვირვალედ. მათი ფულის გადახდით მელია თავისუფლებაზეა.
ორივეს უკან ჩანს კვალი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ორივე მათგანმა შეძლო, მართლმსაჯულებისთვის თავი აერიდებინა სწორედ იმიტომ, რომ უცხოური პოლიტიკური ჯგუფები ჩაერივნენ, ორივე მათგანი საქართველოში მოქმედებს სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით", - აცხადებს პაპუაშვილი.