"ერთობანა არ უნდა ვითამაშოთ" - შედგება თუ არა ერთობა "ლელოსთან" და "გირჩი-დროასთან"
შედგება თუ არა ერთობა "ლელოსთან", "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და "დროასთან" - "ახალის" თანათავმდჯომარეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს.
როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ის დიდი ერთობის მომხრეა და მისთვის მისაღებია "ლელოსთან", გირჩი-დროასთან ერთობის. როგორც გვარამია ამბობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთიანი სია უნდა შედგეს.
კოალიციის სიმულირება უნდა მოხდეს, სია უნდა იყოს ერთიანი. ერთიან სუბიექტად გამოსვლაზე, რაკიღა ბლოკი არ არის, ამ შემთხვევაში პარტიული სიის მეშვეობით, მე ვარ მომხრე - მე ვარ მომხრე, ვინ იქნება პირველი, მეორე, მესამე, ამის დათმობის ხარჯზე. ჩემი ამბიცია არის უფრო მეტი და თავხედური, ვიდრე რომელიმე თანამდებობის ნდომაა, ჩემი ამბიციაა, რომ ჩემი სახელი ერქვას იმას, რომ გაერთიანება შედგა, მათ შორის ჩემი სახელი. მე პირდაპირ ვამბობ, რომ გაერთიანებისტი ვარ.
ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე - ლელო - ჩემთვის ეს ხალხი არის კომფორტული, სანდო მოკავშირე. მე „ბლატნოების“ პარტია არ მინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მე თანმდევ პროცესად მივიჩნევ, რომ მარტო ხელისუფლება კი არა, შეიცვალოს პოლიტიკური ელიტა,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ერთობა დადგება დღის წესრიგში აქტიურად, საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს, რომ ეს ერთობა რეალურია და ემსახურება ხელისუფლების შეცვლას და არა ვინმეს პარლამენტში შეყვანას.
ვერავის წინააღმდეგ მე ვერ ვიქნები. მეც მაქვს გამოცდილება, როგორ კეთდება ერთობა, მაგრამ ერთობანა არ უნდა ვითამაშოთ, მართლაც განცდას უნდა ტოვებდეს საზოგადოებაში, რომ მართლა შეიკრა იმისთვის, რომ ბარიერი კი არ გადაალახინოს ვიღაცას, არამედ გაძლიერდეს და დაამარცხოს ოლიგარქიული რეჟიმი,“ - ამბობს ნიკა მელია.