ანსამბლების გასტროლების გრაფიკზე არ ვფლობთ ინფორმაციას - რიჟვაძე "ფესვებზე"
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ მან არ იცის, რატომ არ ჩავიდა ანსამბლი „ფესვები“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე. რიჟვაძე ამბობს, რომ მთავრობა ანსამბლის გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„ფესვები“ მუნიციპალურ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ანსამბლია და მათ გასტროლების შესახებ აჭარის მთავრობა ნაკლებადაა საქმის კურსში. როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობები დამოუკიდებელია, ამიტომ თვითმმართველობებს აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, საქმის შინაარსი მე ნაკლებად ვიცი. ჩვენ ანსამბლების გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას“, – ამბობს რიჟვაძე.
ორბელიანების სასახლისკენ მომავალი ანსამბლი „ფესვები“ გზიდან რომ გააბრუნეს, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.
„თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.