ისედაც დაძაბული ფონი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამძაფრა - ომბუდსმენი

05.07.21 13:43
ისედაც დაძაბული ფონი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამძაფრა - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ისედაც დაძაბული ფონი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამძაფრა: 

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე  და მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები ღირსების მარშის მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან "რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და  სიტყვიერი შეურაცხყოფის  ფაქტებზე,- აცხადებს ომბუდსმენი. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამ განცხადებემდე ძალადობრივმა ჯგუფებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ფიზიკურად გასუწორდნენ მედიას.

მსგავსი სიახლეები