55 პირს სცემეს, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია - შსს

05.07.21 21:57
55 პირს სცემეს, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება - გომელაურის უწყების ინფორმაციით, ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება, ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა"- წერია განცხადებაში.