"ისტორია დაგსჯით და განგსჯით ამისთვის" - ურთიერთბრალდებები და ხმაური პარლამენტში
ურთიერთბრალდებებით და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დილიდან სესია პარლამენტში - "ქართული ოცნების" დანაყოფი ისევ აგვისტოს ომის გამოძიებას და სააკაშვილის სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვს.
დღეს "ხალხის ძალამ" ნაცმოძრაობა ფაშისტებად გამოაცხადა და ომის პროვოცირებაში ისევ საქართველო დაადანაშაულა - ეს განცხადებები მმართველი პარტიის დანაყოფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნიდან არსებულ გაჭირვებაზე, კორუფციაზე და მიგრაციაზე ილაპარაკა.
როდესაც ამბობთ, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლებების ქმედებები გამოვიძიოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეუბნებით პუტინს, რომ თქვენ არ ხართ ომის დამნაშავე, თქვენ არ ხართ დამნაშავე ყირიმის დაპყრობაში, საქართველოს ოკუპაციაში, დღეს მიმდინარე ომში უკრაინაში, თურმე ამით იმის თქმა გინდათ, რომ ჰააგის სასამართლოს ვერდიქტიც არ ყოფილა სწორი, თქვენი ეს ყველა განცხადება არის რუსეთისადმი მხარდაჭერა, რომელსაც გავალებთ ბიძინა ივანიშვილი, ისტორია დაგსჯით და განგსჯით ამისთვის, - მიმართა რომან გოცირიძემ "ხალხის ძალის" დეპუტატებს.
ძალა, რომელიც პირდაპირ შემიძლია შევადარო ნაციონალისტურ-სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას, როგორც ის ვერ გაკეთილშობილდებოდა და შემდეგ ვერ გააგრძელებდა პარტიულ მოღვაწეობას, ასევე უნდა მოვექცეთ ამ მავნებელ ძალას. როდესაც სასამართლო ჩატარდება და ეს ფაქტები ზემოთ ამოვა და გასამართლება მოხდება ამ ძალის, მაშინ მაინტერესებს სხვა ოპოზიციური ძალები, რომლებიც გაჩუმებულები არიან ახლა და ხმას არ იღებენ, მათ მორალს ვიკითხავ შემდეგ," - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.