გომელაური და ღარიბაშვილი უპირობოდ უნდა გადადგნენ, ივანიშვილს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს - გვარამია

06.07.21 12:05
გომელაური და ღარიბაშვილი უპირობოდ უნდა გადადგნენ,  ივანიშვილს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს - გვარამია

გომელაური და ღარიბაშვილი უპირობოდ უნდა გადადგნენ. ივანიშვილი ვერსაიდან ვერ გადადგება, მაგრამ პასუხისგება აუცილებლად მოუწევს - ასე აფასებს "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მედიაზე განხორციელებულ ანგარიშსწორებას. 

გვარამია ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში გადადგომების სერია დაიწყება: 

მგონია, რომ გადადგომების სერია დაიწყება. რაც ზუსტად ვიცი, ხვალიდან თქვენ ნახავთ, როგორი საერთაშორისო შტურმი იქნება ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ. გომელაური და ღარიბაშვილი უპირობოდ უნდა გადადგნენ. ივანიშვილი ვერსაიდან ვერ გადადგება, მაგრამ პასუხისგება მოუწევს"- აცხადებს გვარამია. 

პუტინისტური ჯგუფების პირდაპირი სამიზნე გუშინ მედია იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაასისხლიანეს 53  ჟურნალისტი - ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს, მუშტებს და არბევდნენ აპარატურას. 

გუშინ პირველად მედიაისტორიაში მედიაკომპანიების ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ, მიეღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  დაპირისპირებათა ეპიცენტრიდან ჯგუფები გამოეყვანათ. 

მედიაზე ძალადობა პირდაპირ წახალისებული იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრის მხრიდან. აგრესიული ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ დილიდან გაამხნევა. მედიას არ იცავდა შს მინისტრი. ვახტანგ გომელაურის თანამშრომლები პირდაპირ უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.