ევროკავშირის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა - დეკანოიძე

23.03.24 12:08
ევროკავშირის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა - დეკანოიძე

სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმებაზე ევროკავშირის განცხადება არის უმნიშვნელოვანესი - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ევროკავშირის განცხადება მიუთითებს პირდაპირ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოთხოვნას, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

სასამართლო სისტემაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმებას გუშინ გამოეხმაურა ევროკავშირი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც კონკრეტულად მიუთითებდა იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უზენაეს სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმების საერთო სისტემის დანერგავა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოთხოვნას, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა და ყველა იმ დანიშნულმა პირმა და არჩეულმა პირმა, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სწორედ ამ სისტემაზე არის დამოკიდებული საქართველოს სასამართლო სისტემაში პრაქტიკულად სასამართლოს კეთილსინდისიერების ხარისხის დონე", - განაცხადა დეკანოიძემ.

ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა დანერგოს "არაორდინალური შემოწმების სისტემა", რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების შემოწმება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების.

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ცოტა ხნის წინანდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა.