"ჩვენს სიტყვას არ გადავალთ, არანაირი ვეტინგი არ იქნება" - "ოცნება" ევროკავშირის მოწოდებას არაფრად აგდებს
"ჩვენს სიტყვას არ გადავალთ, არანაირი ვეტინგი არ იქნება" - "ქართული ოცნება" ევროკავშირის მოწოდებას არაფრად აგდებს. ივანიშვილის პარტიამ დილიდან დასავლეთზე ახალი იერიში მიიტანა. სახელისუფლებო პარტია, რომელსაც, ევროპული დათქმების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამბობს რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას არ შეამოწმებენ.
ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია იყო, არის და იქნება ყოველთვის ანგარიშსგასაწევი, მაგრამ ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით და ჩვენს სიტყვას არ გადავალთ. არანაირი ვეტინგი არ იქნება, ეს პროცესი არის მავნებლური, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და უხეშად აპირებს, რომ ჩაერიოს ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება თუ შესამოწმებელია, ამისთვის არსებობს საქართველოში საზოგადოება, არსებობს პროფესიული, აკადემიური წრეები და არავის საქმე არ არის სუვერენულ სახელმწიფოში, მის შტოში, პროცესებში ხელის ფათური", - ამბობს ბექა ოდიშარია.
ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა დანერგოს "არაორდინალური შემოწმების სისტემა", რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების შემოწმება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების.
ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ცოტა ხნის წინანდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა.