"ოცნებამ" ჩახურა ვეტინგის თემა, თუმცა ევროკავშირს არ ჩაუხურავს - აქუბარდია

23.03.24 13:28
"ოცნებამ" ჩახურა ვეტინგის თემა, თუმცა ევროკავშირს არ ჩაუხურავს - აქუბარდია

"ოცნებამ" ჩახურა ვეტინგის თემა, თუმცა ევროკავშირს არ ჩაუხურავს - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

აქუბარდიას თქმით, სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც თავად კობახიძემ აიღო ბრიუსელში და დადო პირობა, რომ გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კანონი, რომელიც მათ მიიღეს, სადაც ეს ასე არ არის და მეტიც, იერიში მიიტანეს ე.წ. ვეტინგზე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩახურა ეს თემა, ჩვენ ვნახეთ მათი განცხადებით ეს თემა, არ ჩაუხურავს ევროკავშირს", - ამბობს აქუბარდია.

ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა დანერგოს "არაორდინალური შემოწმების სისტემა", რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების შემოწმება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების.

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ცოტა ხნის წინანდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა.