"მხოლოდ 19 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი" - ე.წ. ფოტოგრაფი დუმილის უფლებას იყენებს
ე.წ. ფოტოგრაფს ბრალი მხოლოდ 19 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა და არა 200-მდე ადამიანის მიმართ, რასაც გამოძიება აანონსებდა - ამის შესახებ მოდულის შენობიდან აგმოსულმა გიორგი ქაროსანიძის ადვოკატმა განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ფოტოსესიას გოგონებს ნებაყოფლობით სთავაზობდა და მისი მხრიდან იძლებას ადგილი არ ჰქონია.
ადვოკატი ამბობს, რომ ქაროსანიძე დუმილს უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. 157-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილში იგულისხმება ის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით, ხოლო 139-ე მუხლის პირველ ნაწილით, ეს არის სექსუალური იძულება. მხოლოდ ერთი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა მას ბრალი. რაც დააანონსა გამოძიებამ, რომ 200-მდე ადამიანის მიმართ ახორციელებდა დანაშაულს, ასე არ არის. მხოლოდ ერთი პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში ედება ბრალი. დიახ, 19 წლის გოგოს მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით წარედგინა ბრალი. ბრალდებული ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილს უფლებით და ბრალს არ აღიარებს. წერილობითი მტკიცებულებები გადმოგვეცა. რაც შეეხებათ ელექტრო მტკიცებულებებს, მოგეხსენებათ გარკვეულ წილად საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდეს და შესაბამისად, გავეცანით ელექტრონულად. მოყვარული ფოტოგრაფია. ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ იყო დაანონსებული ღირებულებაც და რა მომსახურებასაც სთავაზობდა ისიც. თუკი ვინმეს მონაწილეობა მოუნდებოდა, ნებაყოფლობითი იყო", - ამბობს ადვოკატი.
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ე.წ. ფოტოგრაფი გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. საეკლესიო მაღაზიის მფლობელს 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა.