ე.წ. ვეტინგის შემოღება სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღსადგენად უნდათ, ამას არ დავუშვებთ - კობახიძე
დღეს ვერავინ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ამას ვერ ეგუებიან ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის შემოღება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.
მისივე განცხადებით, ე.წ. ვეტინგი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ "შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო", კობახიძეს მიაჩნია, რომ უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, "ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები".
„ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს. ეს არ არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. დღეს, მადლობა ღმერთს, ვერავინ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ეს არის დღევანდელი მიდგომა, დღევანდელი დამოკიდებულება, ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.
ე.წ. ვეტინგი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით. კი ბატონო, უკრაინას აქვს ამის უფლება, მოლდოვას აქვს ამის უფლება. ვეტინგის შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების ქვეყანა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით და მართლაც ასეა. უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. არიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ განიხილავენ საქმეებს თან ისე, რომ ამისთვის არანაირი მიზეზი არ აქვს. ეს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ჩვენამდეც მოდის ხოლმე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია. ჩემი პასუხისმგებლობაც არის, როდესაც არ ხდება ადამიანის უფლებების სათანადოდ რეალიზება, ამასთან დაკავშირებით ვიყო ინფორმირებული. მას აქვს, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ლობის იმედი და ეს არასწორია,"- აღნიშნა პრემიერმა.
NGO-ებს ეჭვი აქვთ, რომ 24 მარტს მოსამართლეთა კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი თემა, ე.წ. ვეტინგის სისტემა იქნება.
არასამთავრობოები თითოეულ მოსამართლეს მოუწოდებენ, არ იყვნენ იარაღად გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.