ჭიკაიძის მილიონიანი ბიზნესი - როგორ გამდიდრდა შსს-ს ყოფილი მინისტრი

23.03.24 20:32
ჭიკაიძის მილიონიანი ბიზნესი - როგორ გამდიდრდა შსს-ს ყოფილი მინისტრი

დაახლოებით 32 მილიონი დოლარის ბინები, კომერციული ფართები და კიდევ მილიონ დოლზე მეტის ღირებულების ავტოსადგომები -  ამ დიდი ბიზნესის უკან საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დგას. პოსტზე მოსვლის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე დიდი სესხით ნაყიდ ორ ბინას ფლობდა, დღეს კი ოფიციალური მილიონერია. 

როგორ იყიდა ექს მინისტრის კომპანიამ ბათუმელი პენსიონერისგან ბიზნესი?

ბათუმში ცათამბჯენების უბანში 82 მეტრიანი საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსი აუზით, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ ააშენა. 

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 30 ნომერში მდებარე ტერიტორია, სადაც 27 სართულიანი კორპუსი აშენდა, ბათუმელი პენსიონერის კლარა დავითაძის კომპანიას ეკუთვნოდა. ტერიტორია ამ კორპუსის ასაშენებლად ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ  2020 წლის 3 სექტემბერს, ბათუმელი პენსიონერის კლარა დავითაძისგან შეიძინა.  ნაყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ 215 ათას დოლარად.

დოკუმენტის თანახმად,  მშენებლობის დასრულების შემდეგ აქ, კლარა დავითაძემ ალექსანდრე ჭიკაძისგან ფულის გარდა კიდევ 400 კვადრატული მეტრი ფართის ბინები უნდა მიიღოს. ბიზნესის გაყიდვის მომენტში  პენსიონერმა კლარა დავითაძემ ვალდებულება აიღო, რომ ვიდრე თანხას სრულად გადაუხდიდნენ მიწას სტატუსს თავად შეუცვლიდა და სამშენებლო ნებართვასაც მერიასთან თავად მოიპოვებდა. 

ვინ არის კლარა დავითაძე? 

პენსიონერი ბათუმიდან ბათუმის მოქმედი ვიცე მერის, ლევან დავითაძის დედაა.  როდესაც ბათუმის მერიამ ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიას მშენებლობის ნებართვა მისცა, ლევან დავითაძე უკვე აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი იყო. 

  • დოკუმენტების მიხედვით, კომპანია, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრმა იყიდა, ვიცე მერის დაფუძნებულია და ის პენსიონერი დედის სახელზე მხოლოდ მაშინ გადაფორმდა, რაც ლევან დავითაძე აჭარის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნა.  
  • ბათუმის ვიცე მერი, ჭიკაიძისთვის კომპანიის მიყიდვის პროცესში მთავარი მომლაპარაკებელი იყო. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ერთმანეთთან კომუნიკაციაში მყოფი პირების ტელეფონის ნომრებია  მითითებული. ერთი, ჯორჯიან ვინგზის დირექტორს უტა მაღლაფერიძეს, მეორე კი ლევან დავითაძეს ეკუთვნის. 
  • მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კომპანია ბესთ ოფერ გრუპს ბათუმის მერიამ 27 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა  2021 წლის 19 მაისს მიცა. ამ დროს ლევან დავითაძე შპს ბათუმის წყლის მოქმედი დირექტორი იყო და  ვიცე მერობისთვის ამზადებდნენ.  ნებართვის მიღებიდან 5 თვეში დავითაძემ ვიცე მერის თანამდებობა დაიკავა. 

ბათუმში ჭიკაიძის კორპუსში ბინების ფასი 890 დოლარიდან იწყება და ზღვის ხედით აპარტამენტი 990 დოლარამდე ღირს. საცხოვრებელი კომერციული და საზაფხულო ფართების დაჯამებით და საშუალო ფასით ჩვენ დავადგინეთ,  რომ მხოლოდ ამ ერთი კორპუსიდან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კომპანიამ დაახლოებით 32 მილიონი დოლარი მიიღო. არადა კომპანიის წილი, სადაც ეს დიდი ფული ბრუნავს, თანამდებობიდან  წასვლის შემდეგ, ჭიკაიძეს ბიზნეს პარტნიორმა, თორნიკე ქორთოშიძემ აჩუქა. 

ალექსანდრე ჭიკაიძემ ბიზნეს იმპერიის მშენებლობა თანამდებობიდან წასვლისთანავე დაიწყო.  პირველი კომპანია, რომლის წილიც ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე გადაფორმდა "ჯორჯიან ვინგზი" იყო. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ავიაკომპანიაში წილი საჩუქრად მიიღო.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ავიაკომპანია "ჯორჯიან ვინგზი" სამშენებლო ბიზნესით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანიის წილი ალექსანდრე ჭიკაიძეს აჩუქეს.  

ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩის 30 ნომერში  კორპუსი ერთადერთი არ არის, რომელსაც ალექსანდრე ჭიკაიძე აშენებს

  • შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მრავალმილიონიან ბიზნეს იმპერიას  მშენებლობის ბიზნესი აქვს თბილისშიც - ლისზე, მილიონერების უბანში, ცაცხვების ქუჩაზე მდებარე 4 სართულიანი კორპუსი, ტერასებით - ასევე, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიის საკუთრებაა.  
  • ცაცხვების ქუჩის მეხუთე შესახვევში სასტუმროს ტიპის   საცხოვრებელ სახლს ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის კომპანია 990 კვადრატულ მეტრზე აშენებს.  "ჯორჯიან დეველოფმენთ თიმის" მეწილე ალექსანდრე ჭიკაიძე დაფუძნების დღიდან გახდა. 2021 წელს კი მიწები ლისის მდიდრულ უბანში იყიდა და მშენებლობაც დაიწყო.  

"ჯორჯიან ვინგზის" საერთო მოგება, რომელიც სამშენებლო ბიზნესით  ალექსანდრე ჭიკაიძის   გამოჩენის შემდეგ დაინტერესდა,   2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 73 მილიონი იყო. მფლობელებმა კი დივიდენდის სახით 4 მილიონ 746 ათასი ლარი  მიიღეს. 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სახელზე, 10 კომპანიაა რეგისტრირებული. ალექსანდრე ჭიკაიძეს წილები აქვს სამშენებლო, ავიაციისა და ღვინის ბიზნესში. მხოლოდ  ბოლო ორ წელიწადში ყოფილმა ჩინოვნიკმა 4 კომპანია დააფუძნა. მათ შორის არის "თრედო ექპოც", რომელიც ჭიკაიძემ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან მიხეილ ბუზალაძესთან ერთად შექმნა.  

ჭიკაიძის ბიზნესი და მილიონები - მაკა ანდრონიკაშვილის ჟურბალისტური გამოძიება