"სირცხვილია" დღევანდელ აქციას უერთდება
მოძრაობა "სირცხვილია" დღეს 20:00 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქციას უერთდდება.
მოძრაობა გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
საპატრიარქოს მოწოდებისა და უმაღლესი პირის, პრემიერმინისტრის, მიერ ანთებული მწვანე შუქის შემდეგ ძალადობრივმა ჯგუფებმა გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კერძო ქონება დაუზიანეს სხვადასხვა ადამიანს. დაზარალებულ ადამიანებს ერთმანეთთან ბევრი საერთო არ აქვთ - საყურის ტარების გამო სასტიკად დაჭრილი პოლონელი ტურისტი, მძიმედ დაშავებული მედიის 53 თანამშრომელი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად მცხოვრები ქალი, ორი მეათეკლასელი მოზარდი, გოგონა შორტითა და მოპედით…
ხვალ ეს სია შეიძლება, გაიზარდოს და საფრთხის წინაშე დადგეს ნებისმიერი, როგორი უმრავლესობის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, როგორი სექსუალური ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს და როგორი მსოფლხედვის მქონეც არ უნდა იყოს ის.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და მისი ძალოვანი უწყებებია. გუშინდელი ღონისძიების ორგანიზატორთა გადაადგილების მარშრუტები წინასწარ იცოდნენ მოძალადე ჯგუფებმა, პოლიციის მობილიზება იყო მიზერული, მობილიზებული ჯგუფიც კი სრულიად ინდიფერენტულად იქცეოდა და არ ცდილობა მოძალადეების განეიტრალებას.
მედიაზე ორგანიზებული შეტევა, ოფისების დარბევა და ქუჩაში თარეში, არის ის საგანგაშო სიგნალები, რომლებიც ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
გუშინ არ არსებობდა ქვეყანაში ადგილი, სადაც ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ იქნებოდნენ, ეს ირანისკენ და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა - დეკლარირებულ თეოკრატიაში ცხოვრებაა.
სახელმწიფო არათუ არ იცავს სეკულარულობის პრინციპს, არამედ თავად არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების პარტნიორი და თანამზრახველი.
დღეს, 6 ივლისს, 20:00 საათზე, ჩვენ მდუმარე აქციაზე შევიკრიბებით პარლამენტთან, იმისთვის, რომ დავანახოთ ყველას, ეს ქვეყანა მოძალადებიის არ არის, ეს ქვეყანა მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა და არ დავუშვებთ, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ცხოვრება ამ ზიზღში გაატარონ.
P.S. ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად გადადგება"- წერია განცხადებაში.