მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად - ტერეზა რიბეირო

06.07.21 18:18
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად - ტერეზა რიბეირო

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დაგმო მასობრივი ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში საპროტესტო აქციებს აშუქებენ. ტერეზა რიბეირომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება, რათა დამნაშავეები დროულად იყვნენ გამოვლენილი და დასჯილი.

შოკირებული ვარ გუშინ თბილისში განხორციელებული მასობრივი თავდასხმებით ჟურნალისტებზე და მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაზე და უნდა იქნას გამოყენებული ყველა საშუალება, რომ ეს აღარ განმეორდეს. 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად და მათ პასუხისგებაში მისაცემად - ნათქვამია ეოთო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5 ივლისს რადიკალურმა ძალებმა იერიში მიიტანეს, ავიწროვებდნენ და ხელს უშლიდნენ სხვადასხვა  მედიის მუშაკებს,  მათ შორის რადიო ,,თავისუფალი ევროპის", რადიო ,,თავისუფლების", ,,ფორმულას", ,,ტვ პირველის", ,,პირველი არხის", ,,რუსთავი 2",-ის, ,,ტაბულას", ,,მთავარი არხის" რეპორტიორებს, რომლებიც აშუქებდნენ საზოგადოებრივ შეკრებას თბილისში.

ბევრ ჟურნალისტს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, მათგან სულ მცირე რვა ადამიანი საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ასევე დაზიანდა მედიის  კუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მხილებული იქნა სხვადასხვა მედიის ს 53 წარმომადგენელზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები.