გადამწყვეტი არჩევნების ბედს "ოცნება", სავარაუდოდ, ისევ გიორგი კალანდარიშვილს ანდობს - რას ამბობს ცესკოს მოქმედი შეფი
გადამწყვეტ არჩევნებს ქვეყანაში, დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილი ჩაატარებს - საარჩევნო ადმინისტრაციის შეფის მოვალეობის შემსრულებელი "პირველებს" უდასტურებს, რომ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად პროცედურებს ოფიციალურად იწყებს.
კონკურსი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე "ოცნებამ" ფორმალურად გუშინ გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ კალანდარიშვილს მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა ექნება, თუმცა ეს ფაქტი ცესკოს შეფობის კანდიდატს უხერხულობას არ უქმნის და ისევ ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება.
თუ პირადად მე და ჩემს კოლეგებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ კონკურსის შედეგად იყვნენ არჩეულები, რა თქმა უნდა, ჩვენ და მე პირადად, ამ განაცხადს გავაკეთებ. ხდებოდა უსაფუძვლო არგუმენტებით კანდიდატების აპელირების მცდელობა მმართველ პარტიასთან და სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან. ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში, საქმიანობის პერიოდში არ ყოფილა არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, აქტივობა, ქმედება, რომელიც მიუთითებდა სხვადასხვა ჩართულ მხარეს, რომ ჩვენი საქმიანობა არ იყო დამოუკიდებელი. არ არსებობს რაიმე ობიექტური საფუძველი იმისა, რომ აფილიაცია განხორციელდეს მმართველ პარტიასთან. არ ვიცი, მე ვიქნები თუ არა თავმჯდომარე. მე გადაწყვეტილებას არ ვიღებ, შეიძლება ერთი რიგითი კანდიდატი ვიყო. ნებისმიერ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ექნება ჩემ კანდიდატურასთან მიმართებით კითხვები, მზად ვარ სამუშაო ფორმატში შევხვდე", - ამბობს კალანდარიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე განაცხადი ასევე კალანდარიშვილის მოადგილეს, გიორგი შარაბიძესაც შეაქვს. ცესკოს შეფობის კანდიდატი "პირველებთან" ამბობს, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ჩაატარებს მაღალი სანდოობის მქონე არჩევნებს, რომელიც მისი მტკიცებით, პოლიტიკური აგიტაციებისგან სრულად დაცვლილი იქნება.
მე მზად ვარ, საკუთარი კანდიდატურა შევთავაზო საკონკურსო კომისია, რათა სრულად და ბოლომდე ავიღო პასუხისმგებლობა იმ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიურ ინტერვენციას საარჩევნო პროცესში და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ ევროპულ სტანდარტებთან ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე, ცხადია, მაქვს იმედი, რომ მექნება საშუალება, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და უპირველეს ყოვლისა, კომისიას, გავაცნო ჩემი ხედვა, ჩემი პოზიცია", - ამბობს შარაბიძე.