„რიონის მცველების“ ძალადობრივ მხარეს დადგომამ ჩვენი ალიანსი შეუძლებელი გახადა - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

06.07.21 19:17
„რიონის მცველების“ ძალადობრივ მხარეს დადგომამ ჩვენი ალიანსი შეუძლებელი გახადა - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) “რიონის ხეობის მცველების” მიერ ძალადობრივი აქციის მხარდაჭერას მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჰომოფობია საზოგადოების დიდი გამოწვევაა. 

„რამდენიმე დღის წინ მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” გაავრცელა განცხადება, რომელიც თბილისში დაგეგმილ “ღირსების მარშს” ეხმაურებოდა და მას ემიჯნებოდა, როგორც „არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას” და „სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.” გუშინ, 5 ივლისს, მოძრაობის ლიდერები შეუერთდნენ “ღირსების მარშის” წინააღმდეგ მიმდინარე კონტრაქციას თბილისში, რომელიც იმთავითვე აშკარა იყო რომ ძალადობრივ შინაარსს და განზრახვას ატარებდა.

ამ რეალობაში “რიონის ხეობის მცველების” მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამინური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა. თუმცა, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ. კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

ცხადია, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა და განათლების და კულტურის არსებული სისტემები მისი დაძლევის შესაძლებლობას არ იძლევა. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ჩანს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ხელისუფლების, საპატრიარქოს და სხვა რადიკალური ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან. ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჰომოფობიის დაძლევას გრძელვადიანი, სისტემური და ტრანსფორმაციაზე მიმართული შრომა და დიალოგი სჭირდება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა ღიად ძალადობრივ აქციასთან საკუთარი თავის დაკავშირებით, ამ დიალოგზე უარი თქვეს

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტია არა არჩევანის გაკეთება სოციალური თანასწორობის პრინციპსა და ბუნებრივი გარემოს დაცვას შორის, არამედ ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება. ჩვენთვის დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის და სოლიდარობის იდეები და პრინციპები მუდმივ თანაკვეთაში არსებობს, მათ ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ვიყენებთ და თანაბარ პოლიტიკურ ღირებულებას ვანიჭებთ“,", - აღნიშნულია განცხადებაში.