პასუხს გაგცემთ, პროტესტი იქნება! - სამოქალაქო აქტივისტები "ოცნებას"
სამოქალქო აქტივისტები, ვინც 1 წლის წინ რუსთაველის გამზირზე რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, ისევ პროტესტს აანონსებენ. საქმე ეხება "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას.
აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და ამიტომ, დანაპირებს არასდროს ასრულებს.
„ქართული ოცნების“ ბუნებაა ასეთი, რომ მან რაც არ უნდა პირობა დადოს, ყოველთვის გადაუხვევს ამ პირობიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და არასდროს მათი ნაბიჯი არ არის გადადგმული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ ამ პარტიული, ვიწრო ინტერესებიდან, დავდგეთ ერთად, დავიწყოთ კონსულტაციები და დაიწყოს საერთო მოლაპარაკებები, - ამბობს ნიკა ფარულავა.
აქტივისტი გელა ხასაია პირდაპირ ამბობს, რომ თავიდან შემოგდებული კანონის არ ეშინია, რადგან ხელისუფლება, რომელმაც დაპატიმრებული ლაზარეს გატეხვა ვერ შეძლო, ვერც ქართელ ხალხს გატეხავს.
მე არ მეშინია „ქართული ოცნების“ თავიდან შემოგდებული კანონის, იმიტომ, რომ მათ არანაირი ძალა არ გააჩნიათ, მათ ჰყავთ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობენ. მე არ შემიძლია, როდესაც ამ კანონზე ვსაუბრობთ, ლაზარე არ ვახსენო. ადამიანი, რომელიც ტყვეობაში იმყოფება, ეს ადამიანიც ვერ გატეხეს და როგორ უნდა დამაჯეროს „ქართულმა ოცნებამ“ , რომ შეაშინებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან საქართველოში, - ამბობს გელა ხასაია.
სამოქალაქო აქტივისტის, შუშანა მაცაბერიძის თქმით, რუსული კანონის შემრბინება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების ძალიან ეშინია. მისი თქმით, პროტესტი იქნება და "ოცნებას" ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს.
საქართველოს ხელისუფლების გადადგმული ეს ნაბიჯი ცხადყოფს კიდევ ერთხელ, რომ მათ ეშინიათ არჩევნების მოახლოების, მათ ეშინიათ არჩევნების წაგება და ისინი ყველა გზით და ყველა ნაბიჯით ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას აგრძნობინონ, რომ მათ აქვთ უპირატესობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. თუმცა, ეს ბრაზი ამოხეთქავს და ეს ბრაზი შედეგს დადებს არჩევნების დღეს. რაც შეეხება პროტესტის ნაწილს, რა თქმა უნდა, პროტესტი იქნება და მათ ამ ყველაფერზე პასუხი გაეცემათ, - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.