მუშტი მოიქნია და მომარტყა თვალში - ევროპის ვიცე ჩემპიონი უგულავაზე

07.07.21 14:13
მუშტი მოიქნია და მომარტყა თვალში - ევროპის ვიცე ჩემპიონი უგულავაზე

აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ევროპის ვიცე ჩემპიონმა სასამართლოს ჩვენება მისცა. ბადრი გავაშელიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ აეროპორტში ყოფნისას მას გიგი უგულავამ მუშტი მოუქნია, შემდეგ კი წააქცია, რა დროსაც პოლიცია მოვიდა.

დავინახე, რომ გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ჩავდექი შუაში, ვერ ვხვდებოდი, რატომ აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი და მოგერიების მიზნით მოვიშორე თავიდან, ცალკე ჩემს მეგობარს ვაშველებდი, რამდენჯერმე ხელი მომიქნიეს და მომარტყეს, ვიჭიდავეთ და წავიქეცით, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და გამოგვიყვანეს”, - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.

გავაშელიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი,  უგულავას ამ საქმის დასრულების შემდეგ რაიმე ზიანი მიადგეს და მის ამნისტირებაზე თანახმაა.

არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მას ამ ინციდენტიდან გამომდინარე ზიანი მიადგეს. ჩემი მხრიდან ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ არის - აღნიშნა გავაშელიშვილმა.

შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.