მინისტრ შამუგიას ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 108 ლარია, ვინაობა უცნობია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ორი მრჩეველი ჰყავს - უწყება "ევროოპტიმისტების" ლიდერის, ხატია დეკანოიძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ორივე თანამშრომლის ყოველთვიური ხელფასი ჯამურად 10 108 ლარს შეადგენს.
დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის მრჩევლების ვინაობა.
თქვენი 2024 წლის 22 მარტის N2197/3-23/24 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია ორი თანამშრომელი, რომელთა ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო ჯამში შეადგენს 10108 ლარს.
მინისტრის მრჩევლების ხელშეკრულების ვადა არ აღემატება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (მინისტრის) უფლებამოსილების ვადას.
ამასთან, მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირების უფლებამოსილება ითვალისწინებს დარგობრივი მიმართულებების განვითარების ეფექტიანი სქემებისა და მიდგომების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობას", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ იგივე კითხვით პრემიერს და 12-ივე სამინისტროს მიმართა.